English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
დიდი ივანე ჯავახიშვილის უკანასკნელი ლექცია *სიკვდილის სიდიადე*

სიცოცხლის ციკლი მუდამ სიკვდილით მთავრდება. ერთხელ და თანაც დროებით ეძლევა სიცოცხლე კაცთაშვილთ. სიცოცხლე ბუნების დასაბრუნებელი ვალია. ბუნება კი არ იძლევა მეორე შესაძლებლობას სიცოცხლის დროს დაშვებული საბედისწერო შეცდომის გამოსწორებისა. ერთხელ კიდევ უნდა გავიმეოროთ დიდი ივანე ჯავახიშვილის ნათქვამი, რომ მთელი სიბრძნე ისაა, გონიერად გამოიყენო ტკბილი სიცოცოხლე, ამასთან ყოველ წინა თაობას მუდამჟამს უნდა ახსოვდეს, რომ „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ და ყოველმხრივ ისწრაფვოდეს, ტურფა საბაღნარო ტურფა საბაღნაროდ დარჩეს.

სიკვდილი შემზარავის ძლიერებით აუსახავთ სიტყვაკაზმული მწერლობის დიდოსტატებს, თუ ჟამთააღმწერლებს. მსოფლიო რელიგიებს საიქიოს გამოგონებით სიკვდილის სიმწვავის შენელებაც დაუსახავთ მიზნად. ეს მათ მაინც ვერსად და ვერასდროს მიუღწევიათ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში სიკვდილი მრავალმილიარდჯერ განმეორებულა, ყოველთვის ძლიერია თანამედროვის სიკვდილის განცდის სიმწვავე,მით უფრო თუ მისი სიყვარული საყოველთაოა.

სიცოცხლეს ხალხი წუთისოფელს უწოდებს, წუხს მისი სწრაფი წარმავლობის გამო.

„ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე? ჩიტივით გაგვიფრინდება!“ მაგრამ აქედან სრულიადაც არა ჩანს ხალხის შიში სიკვდილის წინაშე, ვინაიდან შიში ვერ იხსნის სიკვდილსა.

გარდაცვალებით კეთილი ადამიანების საქმე და სახელი არ ქარწყლდება. კაბინეტური მახვილსიტყვაობითაა შთაგონებული გამოჩენილი ისტორიკოსის ვ. კლიუჩევსკის აფორიზმი: „სიკვდილი ყველაზე დიდი მათემატიკოსია, რამდენადაც უშეცდომოდ წყვეტს ყველა ამოცანასო...“.

სწორედ სიკვიდლის შემდგომ მთელი სისრულით იწყება იმათი აღიარება, ვისაც თანამედროვე და მომავალ თაობებზე უზრუნვია, მათთვის „სიყვარულით უშენებია“.

სიკვდილით სიცოცხლის ძლიერება წარმოჩინდება. სწორედ ბუმბერაზ ვაჟა ფშაველას ჰქონდა უფლება ეთქვა:

„შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცოხლე შვენობს შენითა!“

ივანე ჯავახიშვილი ისტორიული პიროვნებების ცხოვრების აღწერისას, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად მიმართავს ლირიკულ ჩაწინწკლებებს. მეფეთა ცხოვრების გადმოცემისას იგი აგვიწერს მათ ადამიანურ განცდებს, შიშს სიკვიდლამდე, რაც საბაბი გამხდარა სამშობლოსათვის მოტანილი ახალი უბედურებისა, ანდა მეფის თავგანწირვას და სიკვიდილისთვის თვალის გასწორებას, რასაც შედეგად ახალი აოხრებისაგან სამშობლოს გადარჩენა მოჰყოლია.

ივანე ჯავახიშვილის დიდ ტომებში მკითხველი პოულობს იმას, თუ თვით ყველაზე მკაცრმა მეფეთაგანმა როგორ ვერ აიტანა შვილის სიკვდილი და რა მალე გარდაიცვალა იგი ამის შემდეგ; წაიკითხავთ, თუ როგორი ძნელი გადასატანი გამხდარა დედისთვის მეფე-შვილის გარდაცვალება და რამდენად უსამართლოა, დედები მარხავდნენ შვილებს. 1072 წელს მომაკვდავი 56 წლის მეფე ბაგრატ VI იცოდებს თავის უბედურ დედას, მარიამ დედოფალს, რომელიც ყველა შვილის გარდაცვალებას უნდა მოესწოროს და გულმტკივნეული ეუბნება: „დედაო, მიწყალე შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა და ეგრეღა შენ მოჰკვდებიო».

ვერც ქრისტიან მორწმუნეთ, მიუხედავად საიქიოს გამოგონებისა, დაუცავთ თავი ამ საშინელებათაგან, რაც სიკვიდლის პირველად შემზარავ სურათს ახლავს.

ივანე ჯავახიშვილი გადმოგვცემს გიორგი მთაწმინდელის სიკვდილის აღწერას თანამხდური ჟამთააღმწერლის მიერ და თავის მხრივ დასძენს: „ძვირფასი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა და სიკვდილი იმდენად თავზარდამცემი გარემოება არის, რომ ამისთანა შემთხვევაში ყველანი თანასწორნი არიან: ამგვარი უბედურება ცივი აზროვნების მიმდევარს ფილოსოფოსსაც, სიკვდილის ნახვასაც მიჩვეულსა და სიკვდილის ცხონებად დამსახველს სასულიერო პირსაც სულიერ სიმშვიდეს ურყევს და ბუნებრივი გრძნობა-გონების დამაცხრობელ აზროვნებას სძლევს ხოლმე. სწორედ ამისთანა შემთხვევებში გამოაშკარავდება ხოლმე ყოველგვარი სიკვდილის შესახებ ოპტიმისტური რწმენის სისუსტე და უძლურება“. ისტორიკოსი, რომელსაც სიკვდილი უნდა ჩაეთვალა სულისა და ხორცის განშორების იმ ბედნიერ მომენტად, რომელიც ათავისუფლებს პირს ამქვეყნიური საცდურისა და ბოროტებისაგან, თავს ვერ იკავებს და თავისი დიდებული მოძღვრის დაკარგვას გოდებს და წუხს ჩვეულებრივი ერის კაცისა და მომაკვდავივით. ამას ჟამთააღმწერელი თავისივე სიტყვებით გადმოსცემს: „გევედრებით, შემაშრენით მე ცრემლნი ჩემნი, დააცხრეთ გონებაჲ ჩემი, რამეთუ ვგრძნობ, ვითარმედ უფროს ჯერისა განვალ საზღვართაგან გლოვისათა და ვნებისა ამის სიმძიმითა დედათა მივემსგავსებიო».

ახლობლის სიკვდილით გამოწვეული გულითადი მწუხარების დათრგუნვა წარმოუდგენლად ძნელია. მით უფრო, თუ ეს ახლობელი უსაყვარლესი პიროვნებაა, არა მარტო მის ოჯახის, არა მარტო მისი მოწაფეების, არა მარტო მისი სტუდენტების, არამედ მისი მშობელი ხალხისა.

თბილისში გამოცხადებული იყო, ხელოვნების მუშაკთა სახლში 1940 წლის 18 ნოემბერს, ორშაბათს, საღამოს 8 საათზე დანიშნულია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები». ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ლექცია-პროგრამა ნაწილია ციკლისა, რომელშიც დასახულა ახალი ფართო მიზნები ქართული ჰუმანიტარული სიბრძნისმეტყველების წინაშე.

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სძლევს მწვავე ფიზიკურ ტკივილებამდე მისული ჯანმრთელობის შერყევას, გადაღლითა და გადაქანცვით გამოწვეული ორგანიზმის დაძაბულობას. ყოველივე ამას თან ერთვის არნახული გადატვირთულობა მეცნიერული, მეცნირულ-ორგანიზატორული და მეცნიერულ-საგანმანათლებლო დავალებებით. ახლა ჩამოთვლა არ შეგვიძლია, თუ რა თხოვნით მიმართვადნენ მას და იგი მაინც ყოველთვის და ყველასათვის იყო მანუგეშებელი, მზრუნველი, მშველელი, ხელგამმართველი, გულგატეხილთა და გზააბნეულთა გზის მპოვნელი. ყველას სწვდებოდა მისი გულის სითბო. ჯანგატეხილი კაცი უანგაროდ, უშურველად თესდა სიკეთეს და არც ერთხელ უწუწუნია ამის გამო დახარჯული დღე და საათისთვის.

საოცარი ის იყო, მასთან მისული თხოვნისათვის ყოველთვის აღმოაჩენდა, რომ ივ. ჯავახიშვილმა ბევრი რამ იცის იმ პიროვნების, ანდა მისი ახლობლების შესახებ და თვითონ გაახსენებდა ადრე უცნობ ან მივიწყებულ ფაქტს, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ირ. ტატიშვილის სიტყვებით, „ივანე ჯავახიშვილი იყო პიროვნება, რომელსაც თავის მხედველობის ველში ჰქონდა ყველა საჭირბოროტო საკითხი ყოველგვარი გახსენების გარეშე». სხვის მიმართ უხვი და შემწყნარებელი, მეტად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. დისციპლინა და თვითდისციპლინა მისი ნატურის თანმხლები ნაწილია. ივანე ჯავახიშვილი ვერც აქ გადაუდგებოდა ათეულ წლობით შე-უშავებულ ჩვევას. ზნეობრივ ტანჯვად ჩათვლიდა ლექცია-პროგრამაზე მოსულთა უკან გაბრუნებას და ამით მათ გაწბილებას. ვერც კარზე მომდგარი სიკვდილი აშინებდა მას. ლაჩრული შიში მთლიანად ჰქონდა დაძლეული. მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრისთვის დრო არ დაუხარჯავს. სამაგიეროდ ტანჯავდა მას ერთი საშინელი შიში, რომ ვერ მოასწრებდა დაწყებულ ძირითად გამოკვლევათა დამთავრებას. 64 წელი ეყო ივანე ჯავახიშვილს იმ ნაშრომების გამოცემისათვის, რომელთაც მას უკვდავება მოუტანეს, თუმცა ახლა ძნელია, განსაზღვრო რამდენ წელიწადში დაამთავრებდა ივანე ჯავახიშვილი წამოწყებული უმთავრესი ნაშრომების გამოცემას. ამას ართულებდა ავტორის განსაკუთრებული მომთხოვნელობა საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნებისადმი.

მართლაცდა სულ სხვაა ნაშრომი გამოქვეყნებული ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ისიც მართალია, რომ ბოლო წლებში არნახული სისწრაფით ქვეყნდება მისი ნაშრომები. ახლა ისინი გამომცემლობასა და სტამბაში თითქმის არ ყოვნდება (1938 წლის სექტემბერში გადაცემული „ქართული მუსიკის ძირითადი საკითხები“ უკვე ხუთ თვეში ხელმოწერილია დასდაბეჭდად). ყოველივე ამის პარალელურად გრძელდება მისი საჯარო გამოსვლები. მას იწვევენ საქართველოს ქალაქებში, ეპატიჟებიან სომხეთში, მოხსენებით გამოდის მოსკოვში, როგორც აკადემიის ნამდვილი წევრი. მაგრამ რა ახლოსაც არ უნდა იყოს სიკვდილი, მისი დადგომის დღეს ადამიანი ვერა გრძნობს და, საბედნიეროდ, სიცოცხლის ძლიერებაც ბოლო მომენტამდე გრძელდება.

ხელოვნების მუშაკთა სახლი. დარბაზში მისი მოწაფეები და მოწაფეების მოწაფეები, ქართული კულტურის მოყვარულნი და პატივისმცემელნი ელოდებიან სახელოვანი ლექტორის გამოჩენას.

სცენის შუაგულში პატარა მაგიდაა და ერთი სკამი. მალე ლამაზი ქართველი კაცი შავ კოსტუმში, პორტფელით ხელში ჩვეული დარბაისლობით გამოემართა სცენის ცენტრისკენ. დარბაზი მას ტაშისცემით ხვდება. ივანემ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით და თითოეულ დამსწრეთა ღირსების პატივისცემით, მოკრძალებით თავი მოუხარა დარბაზს და მხოლოდ ამის შემდეგ წყდება ტაში. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადილე დოც. ვ. მაჭავარიანი გულთბილი სიტყვებით ხსნის შეხვედრას, მერე დარბაზში ჩამოდის და პირველ რიგში ჯდება. მარტოდ დარჩენილმა ლექტორმა პორტფელიდან მისთვის ჩვეული პატარა ფორმატის ნაწერები ამოიღო, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, ხელები მოისრისა, თავი მაღლა ასწია და სიყვარულით სავსე თვალებით წამიერად გადახედა მთელ შეკრებილობას. დამსწრეებმა ნათლად შეამჩნიეს, ამ დღეს ზედმეტად ნაღვლიანი იყო მისი შორსმჭვრეტელი დაღლილი თვალები.

დაიწყო ლექციის კითხვა, ვერავის და ვერც თვითონ ლექტორს წარმოედგინა, რომ საათნახევრის გასვლის შემდეგ ამ უკანასკნელ ლექციაზე დადუმდებოდა მისი ბაგეები, დადგებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი.

პირველ სიტყვიდანვე დარბაზში მყოფნი სიყვარულით და სიამაყით ისმენდნენ ლექციას. ლექტორი მცირე ბარათების მსგავს ნაწერებში დრო და დრო თუ ჩაიხედავდა ისტორიულ წყაროზე ზუსტი დამოწმების გასაკეთებლად, თანაც წაკითხული ტექსტი ისტორიული სურნელებით ავსებდა დამსწრეთა სმენას.

ამ მოხსენების მთლიანი წერილობითი ტექსტი აღარ დარჩენილა მის არქივში, დედნის რამდენიმე ფურცელი დაკარგულია. აქვე უნდა ითქვას, რომ წერილობითი ტექსტი მის ლექციებში დამხმარე როლს ასრულებდა. სტენოგრაფისტის შოვნა ყოველთვის ძნელდებოდა და არც ამ დღეს აღმოჩნდა იგი. წაკითხული ლექციის აღდგენა შეიძლება იმ ჩანაწერებით, რომლებიც მსმენელებმა დაგვიტოვეს, განსაკუთრებით, კი გ. კვიტაშვილმა.

ამ დღეს, უკანასკნელად რომ გამოდიოდა თავის სამეცნიერო ასპარეზზე, ივანე ჯავახიშვილმა არ დაინდო საკუთარი თავი: გადაუხვია მკაცრად დადგენილ წესს, ყოველი ორმოცი წუთის შემდეგ შეესვენა და კვლავ განეგრძო ლექცია. მან იგრძნო ამ წესის დარღვევა. თეთრი ჟილეტიდან საათი ამოიღო, ნახა, რომ შესვენების დრო გადააცილა, ღიმილით საათი უკან დააბრუნა და განაგრძო კითხვა. საათსა და თხუთმეტ წუთს კითხულობდა თავის უკანასკნელ ლექციას ივანე ჯავახიშვილი, როგორც ჩანს, მან წინასწარ დასახული გეგმით საგრძნობი ნაწილის მიმოხილვა ვერ მოასწრო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ლექციის დაბეჭდილი ტექსტი და გ. კვიტაშვილის ჩანაწერები თანმიმდევრობით არ ემთხვევა ერთმანეთს.

ქართული ფილოლოგია X-XII საუკუნეებში განვითარების მაღალ დონეს აღწევს, ამასთან ნაჩვენებია მისი თანდათანობითი აღმავალი სვლა, როცა მიღწეული ეტაპი შემდგომ წინსვლის საფუძველი ხდება. თავისი ახალი შეხედულებების გასამართლებლად ავტორები თეორიულ დასაბუთებებს მიმართვდნენ კიდეც. პოულობს რა ექთვიმე და გიორგი მთაწმინდელების თარგმანებში გადახვევას ბერძნულ ტექსტთაგან, ეფერემ მცირე ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ექვთიმე მთაწმინდელის ნათარგმნ ნაშრომებში დანართ-ჩანართი ადგილები ამ გამოჩენილი მოღვაწის სრულებით შეგნებული და მიზანშეწონილი მოქმედების ნაყოფს წარმოადგენდა, მისი ერთგვარი პედაგოგიური ღონეობის შედეგი იყოო, ეფრემ მთაწმინდელს გათვალისწინებული ჰქონდა, რომ მის დროინდელი ქართველი ფართო მკითხველი რთული შინაარსის თხზულებისათვის ჯერ საკმაოდ მომზადებული არ იყო და ამიტომ აუცილებლად საჭიროდ ცნო, რომ დედნის ავტორის აზრთა მიმდინარეობა თავისი საკუთარი დანართი და ჩანართი განმარტებითურთ უფრო გასაგები და ადვილად შესათვისებელი გაეხადა». უთარიღო ლიტერატურული თუ ისტორიული ძეგლების ზუსტი მეცნიერული დათარიღებისთვის აუცილებელია ქართული ენის ისტორიული ლექსიკონი. უამისოდ მეცნიერულ კვლევა-ძიებას დიდი დაბრკოლება ეღობება წინ და შეცდომებიც ხშირია.

ლექციაში,ენის თავისებურბებიდან გამომდინარე, დახასიათებულია „ამირან-დარეჯანიანის“ დაწერის დრო და მისი თავისებურება (ლექციის კითხვისას მან ვერ მოასწრო, მიმოეხილა სპარული და ქართული „შაჰ-ნამეს“ ურთიერთდამოკიდებულება და „ვისრამიანი“).

ივანე ჯავახიშვილი ვერ ითმენდა მეცნიერის მიერ მიღწეულით დაკმაყოფილებას, უშფოთველობასა და უდარდელობას, როცა წინ უაღრესად ბევრი საქმეა გადასაწყვეტი. იგი ხომ დაუღლელი თაოსანია ისტორიული და ლიტერატურული ძეგლების გამოცემისა, თუმცა ამ დროს ერთი წუთით არ უშვებს რაიმე შეღავათებს აკადემიური დონის მიმართ. არავითარი დამშვიდება მიღწეულით და დაუნდობელი თვითკრიტიკა არსებულ მდგომარეობაზე მკვლევართა პასუხისმგებლობისათვის.

– აი რა ჩანს მის სიტყვა-ანდერძში „... ძეგლების ფილოლოგიური და რეალიების თვალსაზრისით გაღრმავებული შესწავლისა და კვლევა-ძიებისა ასეთი მუშაობის შედეგად მათ მაგიერ ჩვენში უცნაური მდგომარეობაა. ისტორიკოსები მხატვრული მწერლობის თხზულებებს ბეჭდავენ, მხატვრული მწერლობის ისტორიკოსები კიდევ საისტორიო თხზულებების გამოცემას ანდომებენ თავიანთ დროსა და ცოდნას, თითქოს მათ თავიანთ დარგში ყველაფერი გაკეთებული ჰქონდეთ და სამუშაო იქ გამოლეული იყოს. ამავე დროს ვერც ერთი ამ დარგთაგანი, მეტადრე კი ისტორიული, ჩვენში ვერ დაიკვეხნის, რომ ტექსტების გამოცემა თანამეროვე ფილოლოგიის სამეცნიერო დონეს შეეფერებდეს“. მსმენელი გატაცებულია იმ ჩაღრმავებული ლინგვისტურ-პალეონტოლოგიური გათხრებით, რაც „ამირან-დარეჯანიანიდან“ კეთდება. ლექტორს მსმენელთა მეხსიერების ეკრანი გონების თვალით გადაჰყავს თათარ-მონღოლთა მრისხანე თარეშის დროს ჩვენში შემოსულ ტერმინებზე, აუდიტორიის ყურადღება მთლიანად დაპყრობილია. ივანე ჯავახიშვილი კითხულობს ჟამთაღმწერლის ტექსტს და შუა სიტყვაზე მწვავედ ამოიგმინა. ბაგეებზე შერჩა დაუმთავრებელი წინადადება.

ადამიანი სიკვდილშიც იცნობა ...

მაინც წამის მონაკვეთში არ დაჰკარგა კონტროლი თავის თავზე, არისტოკრატული რაინდობით ებრძვის სიკვდილს, თითქოს მსმენელთ ერიდებაო, უნდა თავი არ ჩაქინდროს, თავი ჯერ მარცხნივ გადააქნია, მერე მარჯვნივ, იდაყვზე დაყრდნობით ხელისგულზე დადო. დარბაზი დაიბნა. მიშველებასაც ვერავინ ბედავს.

ყველაზე მძლავრი მანქანა მანქანათა შორის - ადამიანის ტვინი წამების წინ აღადგენდა ათასწოლოვან ისტორიულ ხვეულებს და ახლა სამოცდაოთხი წლის ასაკში გონება უნდა დაშრეტილიყო. მართლაც, რომ საბა-სულხანის თქმით „სიკუდილი უხმო და უსიტყვო არს და სიტყვათა ჩვენთა დამდუმებელ არს». ამ გადასვლისთვის დარბაზი სრულიად მზად არ აღმოჩნდა...

ახლა სიცოცხლის გადარჩენის საკითხი დადგა...პირველი სცენაზე ჩვეული სისწრაფით აკაკი შანიძე აიჭრა და ხელები მოხვია უკვე მოღვენთილ უფროს მეგობარსა და მასწავლებელს. 9 საათსა და 40 წუთზე სცენიდან გაიყვანეს.

დაძაბული წუთები დარბაზის ლოდინისა. მაგიდაზე გადაშლილი ნაწერები ვიღაცამ გვიან დახურა. დაბაზში მყოფ ექიმს ჩქარა საგანგებოდ მოყვანილი ექიმი უერთდება. მალე მედიცინა აღიარებს თავის უძლურებას.

გაილია დიდი სიცოცხლე.

ყველამ შემზარავად იგრძნო ახლა ბატონ ივანეს ქალიშვილის ნათელას გულმდუღარება, რომელიც დარბაზიდან ხედავდა უძვირფასესი მამის სიკვდილს. სწრაფად მოვიდნენ ვაჟები კახა და ალექსანდრე და მდუღარე ცრემლებით ჩაეკვრნენ თბილ სხეულს, ძნელია, შემზარავად ძნელია საუკუნო განშორების ეს უკანასკნელი წუთები.

გამეფდა გლოვის დუმილი. სიტყვა უძლურია გადმოსცეს იმ მსმენელთა განცდები, ვინაც პირველი მამულიშვილის სიყვარულითა და პატივისცემით მოვიდნენ და აქ ამის სანაცვლოდ მასთან განშორების ყველაზე პირველი თანამონაწილენი გახდნენ.

ბევრ მათგანს სიკვდილი ახლოს არ ენახა და პირველად ივანე ჯავახიშვილის სიკვიდლი ნახეს.

გ. მთაწმიდლის ისტორიკოსის მსგავსად, მწარედ დასტირის ივანე ჯავახიშვილის სიკვიდილს მისი მოწაფე აკაკი შანიძე და ასე აღწერს უძვირფასეს ადამიანთან განშორების პირველ წუთებს. „ყველა იქ მყოფთ ძარღვებში სისხლი გაუშრა, გონება დაებნა, ყველა შიშის ზარმა აიტანა, ... მთელი საზოგადოება შეშფოთდა და შეძრწუნდა, მღელვარებამ მოიცვა მთელი თბილისი, შორს გაისმა გლოვის ზარი“.

სამუდამოდ ჩაქრა თვალთაკრთომა ნათელი კაცისა, რომელიც ერის შორეულ წარსულს ყველაზე ღრმად ხედავდა, თანამედროვეობაზე სიყვარულით ზრუნავდა და მისი ბედნიერი მომავლისთვის თავდაუზოგავად იღვწოდა.

სიკვდილით ჩაიხშო გულისცემა იმ კაცისა, რომელსაც ხალხის ძლიერი სიყვარული დარაჯად ედგა (ვაი, რომ სიკვდილის პირისპირ კაცი ყოველთვის მარტოსულია). სიკვდილის გამარჯვებას ეს სიყვარული არამც და არამც არ შეუნელებია. ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სიდიადე და მშვენიერება სიკვდილის შემდეგ წარმოჩინდა მთელი სისრულით. სწორედ სიკვდილის შემდგომ პირველად მიმართეს მას: „დიდო ივანე».

ივანე ჯავახიშვილი ყოველთვის იქნება ჩვენთვის, ჩვენთან და ჩვენში ერის შვილის ნათელ ნიმუშად ქართველთა მომავალი ულევი თაობებისთვის. აქ პოეტის სიტყვები უნდა მოვიხმოთ:

„ნათელო კაცო, სიკვდილის ფრთა ვერ დაგაბნელებს, შენ საქართველოს ისტორიის ხარ სჯულმდებელი!“

ოთხ დღეს მთელი მშობელი ერის ცრემლების ზღვა აცილებდა მას.

შემდეგ კი, 1940 წლის 21 ნოემბერს 6 საათსა და 15 წუთზე, ნაღვაწი უნივერსიტეტის მიწის წიაღში მიიძინა ქართველი ხალხის ისტორიის ნაწილად ქცეულმა შვილმა საუკუნო ძილით.

*****

რედაქციის მინაწერი:

„შენ კი ცხოვრების დიად თავმდებად, ერთი თარიღი გარგუნა ბედმა, რადგან სიკვდილი შენს დაბადებას გვერდით დადგომას ვერ გაუბედავს“.

ჭეშმარიტად რომ, სრულად მიესადაგება ბუმბერაზ პიროვნებას, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს, პოეტ ხუტა ბერულავას მოყვანილი სტრიქონები.

სერგო ჯორბენაძე

 

კვალი მარადიული

 „თუ X1X საუკუნის II ნახევარში საქართველოს ჰყავდა დიდი ილია, ენის, მამულისა და სარწმუნოებისათვის თავგამოდებული მებრძოლი, XX საუკუნის პირველ ორმოცწლეულში იყო დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც ერს თავდადებული შ რ ო მ ი თ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითი უჩვენა; გასული საუკუნის ბოლო ორმოცწლეულსა და XXI საუკუნის პირველ ოცწლეულში არის პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც ღირსე-ით გააგრძელა ილია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის გზა, თავისი ძლიერი მხრებით, ბურჯად შეუდგა დიდ წინაპართა საქმეებს; პიროვნება, რომელსაც არ აშინებს ტვირთის სიმძიმე, იმედად მოევლინა ერს, ძალისხმევას არ იშურებს ხალხის სამსახურისათვის, სიკეთესა და სითბოს ასხივებს და ათბობს ადამიანთა გულებს“.

როინ მეტრეველი